"ქართული აკადემია" ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს განაახლონ კონსულტაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. ამის შესახებ "ქართული აკადემიის" წევრმა ნუკრი ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია ოპოზიციური ძალების გაერთიანება სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისათვის ბრძოლაში
"პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის ოპოზიციური ძალების გაერთიანება სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისათვის ბრძოლაში. ეს არის ბრძოლა სამართლიანი საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო პროცედურების სწორი რეგლამენტაციის, ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაციის, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების უკანონო გამოყენების და სხვა მანკიერებათა აღმოფხვრისათვის", - განაცხადა ქანთარიამ.
"ქართული აკადემიის" განცხადებით ოპოზიციას ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს. საუბარია ათი პოლიტიკური სუბიექტის მიერ ორიოდე თვის წინ ხელმოწერილი დოკუმენტი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კონკრეტულ ღონისძიებათა შესახებ. "ქართული აკადემია" მოუწოდებს კახა შარტავას, შალვა ნათელაშვილს, ირაკლი ალასანიას, დავით უსუფაშვილს, დავით გამყრელიძეს, სალომე ზურაბიშვილს, ნინო ბურჯანაძეს, ზვიად ძიძიგურს, გიორგი თარგამაძეს და ეკა ბესელიას, რომელიც მაშინ ოქრუაშვილის პარტიის რიგებში ირიცხებოდა, დაუყოვნებლივ განაახლონ კონსულტაციები აღნიშნულ დოკუმნტთან დაკავშირებით.
"ქართული აკადემია~ მოუწოდებს ხელმომწერ პარტიებსა და პროცესში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაუყოვნებლად განვაახლოთ კონსულტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ბრძოლა ის თემაა, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტისათვის, მთელი საზოგადოებისა და ჩვენი ერთობლივი ბრძოლისათვის ქვეყნის დამღუპველი რეჟიმის წინააღმდეგ", - აღნიშნა ქანთარიამ