"ქართულ აკადემიის" განცხადებით, 30 მაისის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები სრულიად ახალი მეთოდოლოგიით გაყალბდა და თუ მომავალი არჩევნებისთვის საარჩევნო გარემო სამართლიანი არ გახდება მასში მონაწილეობას აზრი არ აქვს. ამის შესახებ დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე "ქართული აკადემიის" წევრებმა განაცხადეს.
"არჩევნები გააყალბეს სრულიად ახალი მეთოდოლოგიით, ხალხი ჯერ უკიდურეს გაჭირვებამდე მიიყვანეს და შემდეგ ეს გაჭირვება თავის სასიკეთოდ გამოიყენეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სანამ საქართველოში საარცევნო გარემო სამართლიანი არ გახდება ასეთ არცევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს
"ქართული აკადემიის" ერთ-ერთი წევრის ნუკრი ქანთარიას თქმით, ხელისუფლება ტერორითა და მოსყიდვით ცდილობს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას.
"30 მაისის ფალსიფიცირებულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახა, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლების მთავარ ინსტრუმენტად რჩება ძალადობა, პირდაპირი მუქარა, შანტაჟი, მოსყიდვა, ფსიქოლოგიური და მორალური ტერორი, საზოგადოებაში ტოტალური შიშისა და უიმედობის დანერგვა", - განაცხადა ნუკრი ქანტარიამ "ქართული აკადემიის" სახელით.
მისივე თქმით, ოპოზიციის შიგნით ერთსულოვნების არსებობისა და ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის შემთხვევაში არჩევნები სხვა შედეგით დასრულდებოდა.
"დარწმუნებული ვართ, რომ ოპოზიციის მეტი ერთსულოვნების, კონსოლიდაციისა და ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის შემთხვევაში ამ უსამართლო არჩევნების შედეგი სხვაგვარი იქნებოდა. საჭირო იყო მხოლოდ იმ უტყუარი ფაქტის აღიარება, რომ თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მხოლოდ ერთს ჰქონდა გამარჯვების რეალური შანსი.Aამ შემთხვევაში საზოგადოების კიდევ უფრო დიდ ნაწილს გაუჩნდებოდა რწმენა და მოტივაცია საარჩევნო ყუთებთან მისასვლელად და ვერც გაყალბებული ეგზიტპოლების ავტორები გაბედავდნენ უგულავასა და ნაცმოძრაობისათვის 60 პროცენტიანი მხარდაჭერის დაფიქსირებას", - აღნიშნა ქანთარიამ.
"ქართული აკადემია" მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა ვერ შეძლეს ამომრჩევლის სათანადო მოტივირება და მათი საარჩევნო ყუთებთან მიყვანა, რამაცა გარკვეულწილად არსებული შედეგი განაპირობა.
"უნდა ვაღიაროთ, რომ ვერც არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა, ვერც ჩვენ, მათმა მხარდამჭერებმა, ვერ უზრუნველვყავით საზოგადოების სათანადო მოტივირება და საარჩევნო კამპანიის დროს ვერ შევძელით საზოგადოებაში გამეფებული შიშისა და ნიჰილიზმის დაძლევა", - განაცხადა ქანათარიამ.