ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის და ამერიკის შეერთებული შტატების ძალების სარდალი ჯონ ნიკოლსონი საქართველოს მთავრობასა და მოქალაქეებს საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის.
ჯონ ნიკოლსონი საქართველოში იმყოფება და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. როგორც ნიკოლსონმა აღნიშნა, საქართველო ნატო-ს არაწევრი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყნაა.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართველი ჯარისკაცების, ავღანეთში წარმოდგენილი კონტინგენტის ღვაწლს, მათ სიმამაცეს. გვაქვს იმედი, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. ჩვენ გვქონდა შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან, ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე. მსურს, აღვნიშნო ჩვენი ერთობლივი სამხედრო წვრთნები „ნობელ ფართნერი“, სადაც ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობდნენ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მათ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება“,-აღნიშნა ნიკოლსონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.