ბუქარესტში ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კონსტანცას პრეფექტმა უმასპინძლა. მათ საკურორტო ქალაქის 8 კილომეტრიანი ზოლი დაათვალიერეს.
სააკაშვილმა მისი ხუთი წლის წინანდელი ვიზიტიც გაიხსენა და კონსტანცას პარალელურად ბათუმში მიმდინარე მშენებლობებზეც ისაუბრა.
"კონსტანცა, ვარნა, ბურგასი, ოდესა, იალტა, სევასტოპოლი, სოჭი, ტრაპზონი, სამსუნი _ ეს არის ქალაქები რომელიც არის პრინციპში ბათუმთან შესადარებელი და გარკვეულწილად მისი კონკურენტები", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ როდესაც ის აქ პირველად ხუთი წლის წინ ჩამოვიდა, ბათუმი მაშინ ნანგრევებში იყო.
"მინდა სკეპტიკოსებს ყველა ეს ქალაქი მოვატაროთ და ვანახოთ რეალურად რა კეთდება აჭარაში, ჩვენი კონკურენტები რეალურად არის დუბაი, არის კანი, ნიცა, სანტროპე, ბარსელონა და თუ შესაძლებელი იყო აქამდე გზის გავლა, ეს იმას ნიშნავს, რომ ასევე შესაძლებელია მეტი გზის გავლა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.