მარტის ბოლომდე საქართველოს აეროპორტებიდან კვირაში 239 რეისი განხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავიაკომპანიები კვირაში 14.9%-ით მეტ რეისებს განახორციელებენ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ზამთრის სეზონის დროს საქართველოს აეროპორტებიდან, კვირის განმავლობაში, 239 რეისი განხორციელდება (იმ შემთხვევაში თუ არ გაუქმდა რეისები და შესრულდება ყველა დამტკიცებული ფრენა).
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ზამთრის სეზონზე დაგეგმილი ფრენების დიდი ნაწილი - 82%-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დაგეგმილი ფრენების 6%-ი განხორციელდება, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის წილი 12%-ი იქნება.
რაც შეეხება მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ზამთრის განმავლობაში ფრენები ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არის ფრენისათვის ხელსაყრელი ამინდი, ამიტომ სააგენტოში ზამთრის სეზონისთვის ფრენების სიხშირის პროგნოზირება უჭირთ.
სამოქალაქო ავიაციის საანეგტოში განმარტავენ, რომ ზამთრის სეზონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისები შემდეგი მიმართულებით განხორციელდება: ათენი, ალმაატა, ამსტერდამი, ასტანა, აქტაუ, ბაქო, დოჰა, დუბაი, ეკატერინბურგი, ერევანი, ვარშავა, ვენა, თეირანი, თელ ავივი, კიევი, მინსკი, მიუნხენი, მოსკოვი, რიგა, როსტოვი, სანკტ პეტერბურგი, სტამბულიჰურგადა, ურუმჩი, შარჟა, შარმ ელ შეიხი.
ბათუმიდან ფრენები განხორციელდება კიევის, მინსკის, მოსკოვის, თელ ავივისა და სტამბოლის მიმართულებით.
ხოლო რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორის აეროპორტს, ფრენები იქნება შემდეგი მიმართულებებით: ბერლინი, ბუდაპეშტი, ვარშავა, ვილნიუსი, დორტმუნდი, კიევი, მემინგენი, მოსკოვი, მილანი, ლარნაკა, სალონიკი, სოფია, ხარკოვი.
უკვე გაწერილი გეგმის მიხედვით, ზამთრის სეზონზე საქართველოს აეროპორტებში ოპერირებას მოახდენენ ავიაკომპანიები: Georgian Airways-ი, Aegean Airlines-ი, Air Astana, Scat, Azerbaijan Airlines-ი, Qatar Airways-ი, Flydubai-ი, Ural Airlines-ი, LOT Polish Airlines-ი, ATA Airlines-ი, Zagros Airlines-ი, Qeshm Airlines-ი, Taban Airlines-ი, ISRAIR-ი, EL AL Israel Airlines-ი, Ukraine International Airlines-ი, YANAIR-ი, Belavia, Lufthansa, Aeroflot-ი, S7 Airlines-ი, Air Baltic-ი, Pobeda Airlines-ი, Turkish Airlines-ი, Pegasus-ი, Atlasglobal-ი, Air Cairo, China Southern Airlines-ი, Air Arabia, Wizz Air-ი და Arkia.
ხოლო რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, მას მოემსახურება Silk Way Airlines-ი, Cargolux-ი და Turkish Cargo.
შეგახსენებთ, რომ ზამთრის სეზონი ოქტომბრის ბოლო კვირიდან მარტის ბოლო შაბათამდე პერიოდს მოიცავს.