თბილისში თვითმმართველობის არჩევნების მაჟორიტარული წესით კენჭისყრის წინასწარი შედეგებით ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ისნის მაჟორიტარმა კანდიდატმა ხვიჩა სანაიამ მიიღო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, დედაქალაქის ათივე საარჩვენო ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატები ლიდერობენ.
თბილისის მასშტაბით კი, რაიონებში ყველაზე შედეგიანი ისნის მაჟორიტარი ხვიჩა სანაია აღმოჩნდა - 63.78%, მას მოჰყვება ნაძალადევის მაჟორიტარი კანდიდატი ვახტანგ ცაგარეიშვილი - 63.28% და მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი, თბილისის ყოფილი ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი - 60.83%.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის და თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევნები 30 მაისს ჩატარდა. ცესკოს საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ვადა 23 ივნისამდე აქვს.