საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი უფრო და უფრო დატვირთული ხდება და კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ დაინტერესებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. პროგრამის ფარგლებში, მისი ამოქმედებიდან სულ რაღაც 7 თვეში კიდევ ერთი, ახალი, რიგით მეხუთე პროექტი ხორციელდება.
ახალი ,ინდური მძაფრსიუჟეტიანი მხატვრული ფილმის “პსვ გარუდა ვეგა” გადაღებები ხვალ, ძველი თბილისის ქუჩებში 12:00 საათზე გაიმართება და გადასაღებ მოედანს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი უწყების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ანი კვარაცხელიასთან ერთად ესტუმრება.
გადაღებების ფარგლებში ჟურნალისტებს შესაძლებლობა მიეცემათ დაესწრონ ფილმის გადაღებებს, დეტალურად გაეცნონ ახალ პროექტს, მოისმინონ შთაბეჭდილებები რეჟისორისგან (Praveen Sattaru) და გაესაუბრონ როგორც უცხოელ, ასევე ქართველ მსახიობებს. გადაღებებით დაინტერესებული მედიის წარმომადგენლები შეიკრიბებიან პურის მოედანზე და სააგენტოს თანამშრომელი უზრუნველყოფს პრესის რეჟისორთან დაკავშირებას.
აღსანიშნავია, რომ ინდური კომპანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ბორჯომში, კახეთში, ჭიათურაში, ბათუმსა და თბილისში 1 თვის განმავლობაში, 21 ოქტომბრიდან - 20 ნოემბრის ჩათვლით გადაიღებს მორიგ პროდუქტს. პროექტის ფარგლებში საქართველოში 790 000 ლარი დაიხარჯება და გადაღებების პირველ ეტაპზე 20 მსახიობი დასაქმდება.
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, ჯამში განხორციელდა 5 პროექტი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულებულია 4 ფილმზე, ხოლო 1 ფილმის გადაღებებები ამჟამად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამში 7 310 000 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო ადგილობრივად 650 ადამიანი დასაქმდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებაზე საქართველოში.
ამავე პერიოდში საქართველოში განხორციელდა არაერთი რეკლამის თუ მუსიკალური ვიდეო რგოლის გადაღებები, რაც ასევე ხელს უწყობს ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო გადასაღები ლოკაციის პოპულარიზაციას.