"ალიანსი საქართველოსთვის" მტკიცებით, "მემარჯვენე" დავით საგანელიძეს ვაკის მაჟორიტარული ოლქში მოგებული არჩევნები გაუყალებს. ამის შესახებ "ალიანსის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და დავით საგანელიძემ დღეს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. მათი თქმით, არსებობს იმისი დამადასტურებელი ფაქტები თუ რა გზით გააყალბა ვაკეში "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნები. ასევე, როგორც დღეს აღინიშნა, "ალიანსი" სასამართლოში სარჩელსაც შეიტანს.
როგორც თავად საგანელიძე აცხადებს, ცესკომ საარჩევნო ბიულეტენებში არ გააკეთა შესაბამისი მინიშნებები კახა კუკავასა და გიორგი გურუგულიას გრაფების გასწვრივ, რომლებმაც მის სასარგებლოდ მოხსნეს კანდიდატურები.
"კახა კუკავამა 1050, ხოლო გურგულიამ 200 ხმა მიიღო. ამის მიუხედავად, მოგებისთვის საჭირო რაოდენობის ხმების დაგროვება მე მაინც შევძელი", - აღნიშნა საგანელიძემ და განმარტა, რომ მან ვაკის თითქმის ყველა უბანში 2500 ხმით მოუგო "ნაციონალების" კანდიდატ ვახტანგ ნაცვლიშვილს, თუმცა აღნიშნული უპირატესობა წყნეთიდან ჩამოტანილი გაყალბებული ხმებით გადაფარეს.
მისივე განცხადებით, საოლქო კომისიაში 1 ივნისს "ალიანსმა საქართველოსთვის" საჩივარი შეიტანა, რომელიც 2 ივნისს უნდა განხილულიყო.
"იმის მაგივრად, რომ რეალურად გარკვეულიყვნენ საქმის ვითარებაში, საოლქო კომისიის წევრებმა მაია ჟღენტმა და ნანა ცინდელიანმა დაწერეს იდენტური განცხადებები, თითქოს დაღლილობის გამო შეცდომით შეიტანეს რიცხვები. თუმცა არჩევნებიდან სამი დღის შემდეგ თითოეული მათგანი საოცარი სიზუსტით იმეორებს, რა რიცხვები შეეშალა და რამდენით", - აღნიშნა საგანელიძემ და განმარტა, "ის ფაქტი, რომ სწორედ იმ უბნებზე შეეშალათ რიცხვები, სადაც ვახტანგ ნაცვლიშვილმა მოიგო, მოწმობს, რომ ამ უბნებზე ფალსიფიცირება იყო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის სასარგებლოდ".
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე აღინიშნა, "ალიანსი საქართველოსთვის" არ აპირებს, ამ ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვებას და მოითხოვს ამ უბნების შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას.