ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, "ალიანსი საქართველოს" დატოვების შესახებ გადაწყვეტილება კოკა გუნცაძემ და სოზარ სუბარმა ცხელ გულზე მიიღეს.
"არჩევნების დასრულებიდან მომავალ არჩევნებამდე ძალიან ბერი რამ შეიცვლება. ჯერ კიდევ არ გამოვსულვართ საარჩევნო ციებ-ცხელებიდან, რის გამოც პოლიტიკურ პროცესებს იმ განწყობით ვაყენებთ, ამიტომ მოგვხდა თვალში სუბარი და გუნცაძის ალიანსიდან წასვა. მომავალ არჩევნებამდე კი არავინ არ იცი, შეიძლება ეს ადამიანები ამ ან სხვა ტიპის ალიანსში კვლავ ერთად აღმოჩნდნენ. ასე, რომ ის რაც მოხდა, ცხელ გულზე მიღებული გადაწვეტილება იყო, შეიძლებოდა ეს ერთი თვის შემდეგ მომხდარიყო. თუმცა, ყველა თავის პოლიტიკურ რეიტინგს უყურებს და ჩქარობს, რომ ქულები არ დაკარგოს, ამაში კატასტროფული არაფერია", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე შეფასებით, ჯერ კიდევ ადრეა ფართომასშტაბიან პოლიტიკური პროცესების დაწყებაზე საუბარი და ამის გათვალისწინებით, ვინ საიდან წავა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
"ახლა მთავრია პარტიის ლიდერები და პოლიტიკური ორგანიზაციები მომავალ არჩევნებს როგორი მომზადებულები დახვდებიან. სასურველია მათი მზაობა არჩევნებამდე მნიშვნელოვანი პერიოდით ადრე იყოს, რადგან პოლიტიკურ პარტიებს კარგად მომზადების საშუალება მიეცეთ", - აღნიშნა სესიაშვილმა და აქვე დასძინა, რომ მხარეების მიერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ დაწყებული საუბარი უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.
ამასთან, ექსპერტი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ქართული პოლიტიკური სუბიექტები მინიმუმ მომავალი არჩევნებისთვის პოლიტიკური ძალები მემარცხენე და მემარჯვენე ძალებად უნდა შეიკრან.
"ვეთანხმები იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელოვნური გაერთიანება არაფრის მომტანი არ არის, არც მეგობრული და ნათესაური კავშირები სერიოზული ძალას არ მოუტანთ. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური კულტურით დაჯგუფებული ძალები უფრო ეფექტური იქნება და ამომრჩეველს გადაწვეტილების მიღებასაც გაუადვილებს.
შეგახსენებთ, რომ 30 მაისის თვითმართველობის არჩევნების შემდეგ "ალიანსი საქართველოსთვის" უკვე ორმა წევრმა სოზარ სუბარმა და კოკა გუნცაძემ დატოვა.