პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის მიერ, ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას გმობს.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„ასევე, გვსურს გამოვეხმაუროთ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის მიერ, ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შეთანხმების რატიფიცირების მხარდაჭერას. მოგეხსენებათ, ეს მოსკოვსა და სოხუმის ე.წ.ხელუსფლებას შორის, 2015 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის თანამდევი პროცესის გაგრძელებაა. რეალურად კი, ეს არის ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს, რუსეთის საოკუპაციო ჯარების აფხაზეთში ლეგალიზებას.
პრეზიდენტი გმობს ამ ფაქტს და მას საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებს, რაც პრეზიდენტის აზრით, საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს სუვერენიტეტს, არამედ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისშენარჩუნებას. პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს“,-განაცხადა მიშველაძემ.