საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო შვედეთის საგანგებო წარმომადგენელი (ევროკავშირის საკითხებზე) ფრედრიკ ლოიდკვისტი, რომლის საგანგებო მისია საქართველოში დასასრულს მიუახლოვდა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლოიდკვისტს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებაში გაწეული წვლილისთვის. თავის მხრივ, შვედეთის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ქართული მხარის მიერ უკანასკნელ პერიოდში ევროკავშირთან დაახლოებაში მიღწეულ სწრაფ ტემპებსა და დადებით შედეგებს.
მხარეებმა განიხილეს ევროკავშირთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერასთან, ასევე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
შეხვედრისას აღინიშნა უახლოეს მომავალში თბილისში შვედეთის სამეფოს საელჩოს გახსნის მნიშვნელობა. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს გააგრძელონ მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.