"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის და "ეროვნული საბჭოს" წევრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, მიუხედავად გუშინდელი მარცხისა "ეროვნული საბჭო" ბრძოლას გააგრძელებს, რისთვისაც სათანადო გეგმა დასჭირდებათ. ამის შესახებ ნოღაიდელმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრეკონფერენციაზე ისაუბრა.
"ეროვნული საბჭო" ხელისუფლების შესაცვლელად ბრძოლას გააგრძელებს, რისთვისაც თანმიმდევრული გეგმა შემუშავდება", - აღნიშნა ნორაიდელმა და დასძინა, რომ გუშინდელი დღე საქართველოს დამარცხების დღე იყო.
"სამწუხაროდ, გუშინდელი დღე საქართველოს დამარცხების დღე იყო. მთავარი პრობლემების მოგვარებამ - სამართლიანი და დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბებამ გაურკვეველი ვადით გადაიწია. "ნაციონალურმა მოძრაობამ" გვაჯობა მხოლოდ ერთ რამეში - ხალხის დაშინებასა და მოსყიდვაში", - განაცხადა ნოღაიდელმა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში გაირკვევა, თუ როგორი იქნება "ეროვნული საბჭოს" სამოქმედო გეგმა და ისიც, თუ რომელი პოლიტიკური პარტიები დარჩებიან ბლოკის შემადგენლობაში.