ნაციონალური მოძრაობა არჩევნებს საქართველოს დემოკრატიულ გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, რისთვისაც მალდობას უხდის მთელ საზოგადოებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობდა. ამასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს საგანგებო განცხადებას, რომელიც პარტიის გენერალურმა მდივანმა ზურაბ მელიქიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ყველა დამკვირვებელს, რომელიც საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა და დიდწილად განაპირობა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება. მადლობას ვუხდი ასევე ყველა პოლიტიკურ ძალას, კონსტრუქციულობისა და იმ გადადგმული ნაბიჯებისთვის, რაც ქვეყანის წინსვლას უწყობს ხელს" - განაცხადა მელიქიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ნაციონალურ მოძრაობას მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. იგი აცხადებს, რომ ასეთი მხარდაჭერა ნაციონალური მოძრაობის პასუხისმგებლობას აძლიერებს და დასძენს, რომ ნაციონალური მოძრაობა ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობისთვის არის მზად.
"გიგი უგულავამ მიიღო დიდი მხარდაჭერა და ამასთან დიდი პასუხისმგებლობაც და მინდა ვუსურვო წარმატება. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის წინსვლისთვის ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობისთვის ვართ მზად, რათა გადავჭრათ ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი პრობლემები", - აცხადებს მელიქიშვილი.
იგი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმატება განაპირობა იმ პროგრამებმა, რაც ამომრჩეველს შესთავაზეს. ეს პროგრამები კი განისაზღვრა საზოგადოების მხრიდან წამოსული ინიციატივებისა და საკითხების მიხედვით. მელიქიშვილი იმედოვნებს, რომ ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობის პრობლემების მხარდასაჭერად წარმატებით გააგრძელებს მუშაობას.