ცესკოში მორიგი ბრიფინგი 03.00 საათზე გაიმართა. ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა მედიას არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო. თბილისის მერის არჩვენების კენჭისყრის შედეგები 774-დან 31 საარჩევნო უბანზეა დათვლილი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიგი უგულავა - 54.6% ლიდერობს, "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი ირაკლი ალასანია - 16.38%, "ქრისტიან დემოკრატების კანდიდატი გია ჭანტურია - 13.15%, "ეროვნული საბჭოს" კანდიდატი ზვიად ძიძიგური - 9.03%, "თოფაძე- მრეწველების" კანდიდატი გოგო თოფაძე - 5.42%, პოლიტიკური მოძრაობა "სოლიდარობის" კანდიდატი თამაზ ვაშაძე - 0.55%, "სახალხო დემოკრატების" კანდიდატი ნიკა ივანიშვილი - 0.5%, "თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი დავით იაკობიძე - 0.16% და "მომავალის საქართველოსთვის" კანდიდატი გიორგი ლაღიძე - 0.21%.
თბილისში პროპორციული სისტემის კენჭისყრის 25 უბნიოს მონაცემებია დათვლილი. პარტიებს შორის პროპორციული წესით კენჭისყრის წინასწარი შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა - პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 53.08%, "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება~ - 14.51%, "ალიანსი საქართველოსთვის" (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი)" - 14.14%, "ეროვნული საბჭო" - 8.83%, ~თოფაძე-მრეწველები~ - 6%, "თორთლაძე - დემოკრატიული პარტია" - 0.1; პოლიტიკური პარტია "მომავალი საქართველო" - 0.13%, ~ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)~ 0%; პოლიტიკური მოძრაობა "სოლიდარობა" -0.51%; ~ივანიშვილი - სახალხო დემოკრატები" - 0.67%; პოლიტიკური პარტია "ჩვენი ქვეყანა" - 0.08%; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი (სსსა)~ - 0.16%; ~სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია~ - 0.48%; პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლება" - 0.34; "მომავლის პარტია" -0%; ძალოვანი ვეტერანების, პატრიოტთა და პენსიონერთა პოლიტიკური მოძრაობა "მამულიშვილი" - 0%; ~საქართველოს სპორტსმენთა კავშირი~ 0.26%.
საარჩევნო ოლქებიდან და უბნებიდან ცესკოში ფაქსით იგზავნება შემაჯამებელი ოქმები. ოქმების ხილვა მედია ცენტრში სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე ცესკოში აკრედიტებულ ყველა დამკვირვებელს და მედია საშუალებას შეუძლია.
ავტომატურად ხდება ოქმების განთავსება ცესკოს ვებგვერდზე www.cec.gov.ge შემოსული ოქმები ეტაპობრივად ჯამდება.
20:00 საათზე დაიხურა ყველა 3694 საარჩევნო უბანი. 20:00 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1740652 (ამომრჩეველთა 49%-ი) ამომრჩეველმა.
კანონის თანახმად, 23 ივნისს ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 24-ე დღისა, სხდომაზე აჯამებს არჩევნების შედეგებს და ადგენს ოქმს. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე ცესკო არჩევნების შედეგებს აქვეყნებს ვებგვერდზე.