თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები ღამის 03:00 საათზე გახდება ცნობილი. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საუბნო კომისიებში ბიულეტენების დათვილისთანავე შედეგები ცესკოში გაიგზავება, რის საფუძველზედაც არჩევნების წინსაწარი შედეგების გამოცხადება შესაძლებელი გახდება.
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა უკვე დასრულებულია და მოსახლეობის აქტივობის შესახებ ინფორმაცია ცნობილი ერთ საათში გახდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრა მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა ტარდება 3694 საარჩევნო უბანზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით 73 ოლქის ტერიტორიაზეა განლაგებული.
ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს.
თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს, თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში კი - პოლიტიკური პარტიები და მათი მაჟორიტარი კანდიდატები. არჩევნებში მონაწილეობს 3 საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური სუბიექტი. კენჭისყრა გაგრძელდება 20:00 საათამდე. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი 51-00-51.