"არც ერთი ერი არ დააყენებს ერთ ქვეყანას მეორეზე მაღლა". ამის შესახებ ობამამ გაეროს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ლიდერობა 21-ე საუკუნეში სხვა რამეა. ყველას ერთი ბედი გვაქვს. არც ერთი ერი არ უნდა ეცადოს, სხვა ერზე იბატონოს. არც ერთი ერი მსოფლიოში არ დააყენებებს ერთ ქვეყანას მეორეზე მაღლა", - განაცხადა ობამამ.
მან იმ სახელმწიფოთა ლიდერებიც გააკრიტიკა, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში არსებული პრობლემების სხვა სახელმწიფოებისთვის გადაბრალებას ცდილობენ.
"ძალიან ადვილია, მოხვიდე აქ, ამ ტრიბუნასთან და ვიღაცა დაადანაშაულო იმ პრობლემებში, რომლებიც შენს ქვეყანას აქვს. ეს ძალიან ადვილია, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლება", - განმარტა ობამამ.
თითქმის ნახევარსაათიან გამოსვლაში ობამამ იმ პრიორიტეტებზედაც ისაუბრა, რა მიმართულებითაც შეერთებული შტატები აქტიურად მუშაობს და განმარტა, რომ ერთ-ერთია ისრაელისა და პალესტინის პრობლემის მოგვარება.
"ამერიკა მიზანმიმართულად მუშაობს, რომ ორი ქვეყანა, ისრაელი და პალესტინა, რუკაზე გაჭრილი არ იყოს და ამ სახელმწიფოებში მშვიდობამ დაისადგუროს. ამ ომის საზღაურს უდანაშაულო ადამიანები, პალესტინელი და ებრაელი გოგო-ბიჭები იხდიან და ეს ასე არ უნდა ხდებოდეს", - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მსოფლიომ ერთად უნდა შექმნას ახალი კოალიცია, რომელიც სხვადასხვა რწმენის, ეთნიკური ჯგუფის, დასავლეთსა და აღმოსავლეთზე, თეთრკანიანსა და შავკანიანებზე იქნება დაფუძნებული.