ცენტრალურ საარჩვენო კომისიაში არჩევნების დასრულების შემდეგი პროცედურების შესახებ კომენტარი გაკეთდა. როგორც ცესკოს საქმის წამოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლიზი ველიძემ განმარტა, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კომისიის წევრები ბიულეტენების დათვლას დაიწყებენ. მონაცემები საოლქო კომისიებს გადაეგზავნებთ, თავის მხრივ, საოლქო კომისიები აღნიშნულ მონაცემებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ფაქს-სერვერის საშუალებით მიაწვდიან.
ამასთან, თავის მონაცემებს ცესკოს საჯარო რეესტრიც გამოუგზავნის.
ცესკოში შემოსული მონაცემები პარალელურ რეჟიმში მედიაცენტში დამონტაჟებულ მონიტორებზე გავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრა მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა ტარდება 3694 საარჩევნო უბანზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით 73 ოლქის ტერიტორიაზეა განლაგებული.
ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს.
თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს, თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში კი - პოლიტიკური პარტიები და მათი მაჟორიტარი კანდიდატები. არჩევნებში მონაწილეობს 3 საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური სუბიექტი. კენჭისყრა გაგრძელდება 20:00 საათამდე. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი 51-00-51.