"ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა პრეზიდენტ სააკაშვილს საარჩევნო აგიტაციასა და არჩევნებში "პირდაპირ ჩარევაში" ადანაშაულებს.
"პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საარჩევნო უბანზე გაკეთებული განცხადება ეს იყო საარჩევნო კანონმდებლობის უპრეცედენტო დარღვევა. საარჩევნო აგიტაცია. მმართველი პარტიის თავმჯდომარისა და მით უმეტეს ქვეყნის პირველი პირის მიერ მისი გუნდის სასარგებლოდ გაკეთებული ასეთი განცხადება ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში კენჭისყრის შეჩერების საფუძველი გახდებოდა - სააკაშვილმა ხალხს მიუთითა, ვისთვის უნდა მიეცათ ხმა და ვისთვის არა", - განაცხადა კუკავამ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ, საარჩევნო უბანში ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის "ნაციონალური მოძრაობისა" და გიგი უგულავას გამარჯვებაში დარწმუნებულია.