18:00 საათის მონაცმებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელ ხაზზე 2625 ზარი შევიდა. ცესკოს პრესსპიკერ ჯული გიორგაძის განცხადებით, 07:00 საათიდან 18:00 საათამდე ცხელ ხაზზე შესული ზარები ძირითადად ტექნიკური საკითხების დაზუსტებას ეხებოდა.
"ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ჯერჯერობით რაიმე სერიოზული სახის დარღვევს ადგილი არ ჰქონია", - აღნიშნა ჯული გიორგაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრა მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა ტარდება 3694 საარჩევნო უბანზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით 73 ოლქის ტერიტორიაზეა განლაგებული.
ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს.
თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს, თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში კი - პოლიტიკური პარტიები და მათი მაჟორიტარი კანდიდატები. არჩევნებში მონაწილეობს 3 საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური სუბიექტი. კენჭისყრა გაგრძელდება 20:00 საათამდე. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი 51-00-51.