"ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი სოფელ ფონიჭალაში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადების შეტანას აპირებს. ამასთან დაკავშირებით განცხადება ხორგუანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, სოფელ ფონიჭალაში მდებარე 29, 30 და 31 საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი თავიდან ბოლომდე გაყალბებულია.
პირველ დარღვევად დაასახელა ის ფაქტი. რომ საარჩევნო ბიულეტინები მიიტანეს დილის 6 საათზე, რაც. მისი თქმით. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა. გარდა ამისა, მიტანილი ბიულეტინების რაოდენობა არ შეესაბამებოდა საოლქო კომისიის საოქმო ჩანაწერს. ხორგუანი აღნიშნავს, რომ კომისიის წევრებმა უარი თქვეს მიღებული ბიულეტენების დათვლაზე.
ალიანსის წარმომადგენელმა საჩივრის დაწერა მოინდომა, თუმცა ამის წინააღმდეგი წავიდნენ კომისიის წევრები. კომისიის თავმჯდომარე ალიანსის წარმომადგენელს დაჭერითაც კი დაემუქრა, როდესაც მან საჩივრის დაწერა მოინდომა არასრულწლოვანი ბავშვის მიერ ხმის მიცემის ფაქტთან დაკავშირებით", _ განაცხადა ხორგუანმა.
ხორგუანის განმარტებით, აღნიშნულ უბანზე 17 წლის ბავშვმა მისცა ხმა, რაც საარჩევნო კანონის დარღვევაა. ხორგუანი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უსათუოდ მიმართავს პროკურატურას.
"პირობას გაძლევთ, რომ ყველა განცხადებას და ყველა სარჩელს ბოლომდე მივყვები, ვინაიდან ეს არის, ერთი მხრივ, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და, მეორე მხრივ, ზეწოლა ეთნიკურ უმცირესობებზე, ვინაიდან ეს სოფელი არის აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებული და ნაციონალური მოძრაობა მათ არ აძლევს თავისუფალი არჩევნის გაკეთების საშუალებას", - აცხადებს ხორგუანი.
მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ეცნობათ საერთაშორისო ორგანზიაციებსაც.
"ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ორგანზიაციებს ამ უბნებში უწევთ პატრულირება იმისათვის, რომ არჩევნები ნორმალურად ზეწოლის გარეშე წარიმართოს", - განაცხადა ხორგუანმა.
იგი გამოეხმაურა ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენლის, ლევან ვეფხვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც.
"მე კარგად ვიცი კანონები, არ ვარღვევ კანონებს და ამით ვამაყობ. დღეს არანაირი კანონი არ დამირღვევია. ვეფხვაძეს ვურჩევ, კარგად ჩაიხედოს კანონებში და განცხადებები ისე აკეთოს", - განაცხადა ხორგუანმა ვეფხვაძის იმ განცხადების საპასუხოდ, სადაც იგი ხორგუანს საარჩევნო უბანზე აგიტაციაში ადანაშაულებდა.