"ალიანსი" ცესკოს საგანგებო სხდომის მოწვევას და ამ დროისათვის გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებას ითხოვს. ცესკოს წევრებს შეკრებისკენ "ალიანსის" სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა. "2010 წლის 29 მაისს, ტელეკომპანია "იმედის" 17:00-საათიან გამოშვებაში, საქართველოს პარალმენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გაკეთდაYგანცხადება, რომლის მიხედვითაც, 30 მაისს დანიშნულ არჩევნებში გამოყენებული იქნება "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ფონდიდან დაფინანსებული სატრანსპორტო საშუალებები, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა საარჩევნო უბნებამდე უფასოდ გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით. გარდა ამისა, საარჩევნო უბნების მიმდებარედ, "ნაცმოძრაობის" კოორდინატორების მიერ განხორციელდება მხარდამჭერთა აღრიცხვა.
კუბლაშვილის ამ განცხადებას "ალიანსი" მიიჩნევს ამომრჩევლებზე ზეწოლად, რომელიც მიმართულია ამომრჩეველთა მიერ ნების გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს და საერთაშორისოდ აღიარებულ საარჩევნო პრინციპებს", - განაცხადა ჩიქოვანმა.
აღნიშნულ კონტექსტში, ის ცესკოსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შეახსენებს, რომ "საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია ამომრჩევლისთვის ნებისმიერი სახის საქონლის უფასოდ მიწოდება".
"მოცემული ნორმა არ აძლევს "ნაცმოძრაობას" უფლებას განახორციელოს ორგანიზებული სახის მომსახურების, კერძოდ გადაადგილების უფასოდ მიწოდება, რაც საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და საარჩევნო სუბიექტის არჩევნებიდან მოხსნის საფუძველია" - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.