ხმის მიცემის პროცესის დროს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ცესკოში პირველი საჩივრები უკვე შევიდა. ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და "სამართლიანი საქართველოსთვის" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 8 საჩივრით მიმართეს.
როგორც ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, დარღვევების ძირითადი ნაწილი უბნების გახსნასთან დაკავშირებული პროცედურების დარღვევას, მარკირების აპარატის მწყობრიდან გამოსვლას და რიგ უბნებზე ბიულეტენების არასაკმარის რაოდენობას შეეხება.
მათივე ინფორმაციით, ცაგერის რაიონში ამომრჩევლები მაჟორიტარებს ამ დრომდე ვერ ირჩევენ, რადგან ცესკომ ბიულეტენები რაიონის საოლქო კომისიაში შეცდომით გადააგზავნა, რის გამოც პროცესი პარალიზებულია.
საის ინფორმაციით, მათი დამკვირვებლები დაგვიანებით შეუშვეს სპეციალურ უბნებზე. გარდა ამისა, დაფიქსირდა უბნები, სადაც ბიულეტენების რაოდენობა უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლები იყო.
"რამდენიმე საარჩევნო უბანზე მარკირების აპარატი მწყობრიდან გამოვიდა, თუმცა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიციემის პროცესი არ შეუჩერებია", - განაცხადა საიას თავმჯდომარე თამარ ხიდაშელმა.
რაც შეეხება საარჩევნო უბნების გახსნას, აღნიშნული ორგანიზაციების ინფორმაციით, უბნების 83 %-ზე ეს დროულად მოხდა, 17 %-ზე კი ხმის მიცემა ან დროზე ადრე, ან დროზე გვიან დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.