ლეიბორისტული პარტიის წევრებიდან ხმის მიცემის პროცესში ნაწილი მიიღებს მონაწილეობას, ნაწილი არა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შალვა ნათელაშვილის გუნდის წარმომადგენელმა გიორგი გუგავამ განუცხადა, ამ კუთხით პარტიის წევრები არჩევანში თავისუფლები არიან.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არჩევნებს ბოიკოტს ვუცხადებთ და მასში არ ვმონაწილეობთ, ხმის მიცემასთან დაკავშირებით პარტიის ყველა წევრი თავისუფალია და ამ კუთხითYერთ კონკრეტულ პოზიციაზე არ შევჯერებულვართ. პირადად მე, არ ვაპირებ უბანზე მისვლას და ხმის მიცემას", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გუგავამ.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ "ხელისუფლებას ცოცხალი ადამიანების ხმები არ სჭირდება".
"ხელისუფლებას ცოცხალი ადამიანების ხმები არ სჭირდება. მკვდრები ჰყავს ჩასმული სიაში, თან იმდენი, რომ 3-4 არჩევნების გაყალბებას კიდევ ეყოფა", - განმარტა გუგავამ.
ამასთან, პირადი გადაწყვეტილების მიუხედავად, გუგავა ხმის მიცემის უფლების გამოყენების უარის თქმისკენ საზოგადოებას არ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამ კუთხით ამომრჩევლებიც თავისუფალნი უნდა იყვნენ.
"ჩვენ საზოგადოებას ხმის მიცემის ბოიკოტირებისკენ არ მოვუწოდებთ. ჩვენ ზოგადად არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოვუწოდეთ პოლიტიკურ ძალებს, იმისთვის, რათა თავზე დაგვემხო ხელისუფლებისთვის არჩევნებად წოდებული სპეცოპერაცია, რომ რეალურად დაწყებულიყო ამ სისტემის დემონტაჟი", - დასძინა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლეიბორისტული პარტიის გენერალურმა მდივანმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, "ეროვნული ფორუმია". პარტიის წევრები არც კენჭისყრის პროცედურაში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.