დღეს, 30 მაისს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 64 ახალ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს, საკრებულოებს ოთხწლიანი ვადით აირჩევენ.
ოფიციალურად 69 ადგილობრივი საკრებულო არსებობს, თუმცა, 5 საკრებულოს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე აფხაზეთისა (კოდორის ხეობა) და ცხინვალის რეგიონის (ერედვი, თიღვი, ქურთა და ახალგორი) ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარეობდა, უფლებამოსილება გაუგრძელდათ.
ყველა საკრებულო მაჟორიტარული და პროპორციული სისტემითაა დაკომპლექტებული.
საკრებულოებში პროპორციული ადგილები იმ პარტიებს და საარჩევნო ბლოკებს შორის გადანაწილდება, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ რაიონებში.
თბილისის საკრებულო კი ახალი წესითა და შემადგენლობით აირჩევა. მასში ამიერიდან 50 წევრი იქნება, რომელთაგან 25 პროპორციული, ხოლო 25 მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის 4%-იანი ბარიერია დადგენილი. ასევე სამი თვითმმართველი ქალაქი - ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი, სადაც საარჩევნო სუბიექტებს ბრძოლა 15 ადგილისთვის მოუწევთ.
საკრებულოების უმეტესობაში პროპორციული სისტემით გასანაწილებელი ადგილების რაოდენობა 10-ს შეადგენს.
64 საკრებულოში სულ 670 ადგილია პროპორციული სიით ასარჩევი კანდიდატებისთვის. რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, სულ 1 025 ადგილია მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი კანდიდატებისთვის.
არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია და სამი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში მოსახვედრად ბრძოლას აპირებს: - "თორთლაძე - დემოკრატიული პარტია", პოლიტიკური პარტია "მომავალი საქართველო", ~ეროვნულ-დემოკრატიული პარტია~ (ედპ), პოლიტიკური მოძრაობა ~სოლიდარობა~, ~ივანიშვილი - "სახალხო დემოკრატები", პოლიტიკური პარტია ~ჩვენი ქვეყანა~, "სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი~, ~სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია~, პოლიტიკური მოძრაობა ~თავისუფლება~, პოლიტიკური გაერთიანება ~ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~, "მომავლის პარტია", ძალოვანი ვეტერანების, პატრიოტთა და პენსიონერთა პოლიტიკური მოძრაობა ~მამულიშვილი~, ~საქართველოს სპორტსმენთა კავშირი~, ~თოფაძე-მრეწველები~, "ალიანსი საქართველოსთვის~, "ეროვნული საბჭო~ და "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება.