ხვალ, 30 მაისს, საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით ახალ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოებს აირჩევენ. ეს არის პირველი არჩევნები, სადაც თბილისელ ამომრჩეველს დედაქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევის შესაძლებლობა ეძლევა. ამასთან, ხვალ, ჩუღურეთის, გურჯაანისა და ოზურგეთის ოლქებში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
30 მაისის არჩევნებში 17 პოლიტიკური პარტია და საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში მოსახვედრად ბრძოლას აპირებს: - "თორთლაძე - დემოკრატიული პარტია", პოლიტიკური პარტია "მომავალი საქართველო", ~ეროვნულ-დემოკრატიული პარტია~ (ედპ), პოლიტიკური მოძრაობა ~სოლიდარობა~, ~ივანიშვილი - "სახალხო დემოკრატები", პოლიტიკური პარტია ~ჩვენი ქვეყანა~, "სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი~, ~სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია~, პოლიტიკური მოძრაობა ~თავისუფლება~, პოლიტიკური გაერთიანება ~ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~, "მომავლის პარტია", ძალოვანი ვეტერანების, პატრიოტთა და პენსიონერთა პოლიტიკური მოძრაობა ~მამულიშვილი~, ~საქართველოს სპორტსმენთა კავშირი~, ~თოფაძე-მრეწველები~, "ალიანსი საქართველოსთვის~, "ეროვნული საბჭო~ და "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება. აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულო ახალი წესითა და შემადგენლობით აირჩევა. მასში ამიერიდან 50 წევრი იქნება, რომელთაგან 25 პროპორციული, ხოლო 25 მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული.
თავად თბილისის მერობაზე პრეტენზიას კი ცხრა კანდიდატი აცხადებს. ესენი არიან: - ნიკა ივანიშვილი (ივანიშვილი - სახალხო დემოკრატები), დავით იაკობიძე (თორთლაძე-დემოკრატიული პარტია), ზვიად ძიძიგური (ეროვნული საბჭო), გიგი უგულავა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), გიორგი ლაღიძე (მომავალი საქართველო), გოგი თოფაძე (თოფაძე- მრეწველები), გია ჭანტურია (გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება), თამაზ ვაშაძე (სოლიდარობა) და ირაკლი ალასანია (ალიანსი საქართველოსთვის).
რაც შეეხება პარლამენტის შუალედურ არჩევნებს, იგი მხოლოდ სამ საარჩევნო ოლქში - ჩუღურეთში, გურჯაანში და ოზურგეთში ტარდება. ჩუღურეთის რაიონიდან პარლამენტში მოსახვედრად იბრძოლებენ: ~თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის~ დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა, ~მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის~ წარმომადგენელი ლევან როინიშვილი, ~ქრისტიან-დემოკრატების~ კანდიდატი კახა ბასილია, ~ივანიშვილი-სახალხო დემოკრატები~ მიერ წარდგენილი გიორგი გაჩეჩილაძე, ხოლო მათ ~ნაციონალური მოძრაობიდან~ ანდრო ალავიძე უპირისპირდება.
გურჯაანში გადეპუტატებას სულ ოთხი კანდიდატი - ~თორთლაძე- დემოკრატიული პარტიის~ მიერ დასახელებული ლევან ჩოლოყაშვილი, ~ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ წარმომადგენელი გიორგი ჩივიაშვილი, "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ნაცვლიშვილი და "მომავლის პარტიის" წევრი ლევან კობერიძე შეეცდებიან.
პარლამენტში შესასვლელად ოზურგეთის საარჩევნო ოლქში ერთმანეთს კონკრენციას მაია ორჯონიკიძე (თორთლაძე-დემოკრატიული პარტია), ილია კალანდაძე (მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის) და გოჩა შანიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) გაუწევენ.
ქვეყნის მასშტაბით სულ 76 საარჩევნო ოლქია რეგისტრირებული. მათ შორის არჩევნები სამ ოლქში - ლიახვში, კოდორსა და ახალგორში არ ტარდება. არჩევნებისთვის 3 624 საარჩევნო უბანი მუშაობს, რომელიც ხვალ, 07:00 საათზე გაიხსნება, ხოლო უშუალოდ კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყება.
დღეიდან კი, კანონით დადგენილი აკრძალვის შესაბამისად, ყოველგვარი წინასაარჩევნო კამპანია, ფასიანი თუ უფასო საარჩევნო რეკლამის სატელევიზიო და რადიოს ეთერით ტრიალი შეწყდა.
30 მაისის ადგილობრივ არჩევნებს 36 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ხვალინდელი არჩევნები ერთგვარად ვადამდელია, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარებულიყო. გასული წლის აპრილ-მაისის ანტისამთავრობო აქციების დროს მმართველმა გუნდმა პოლიტიკურ ოპონენტებს ადგილობრივი არჩევნების კანონით დადგენილ დროზე ექვსი თვით ადრე ჩატარება და თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევა შესთავაზა. ოპოზიციის ერთ ჯგუფსა და მმართველ პარტიას შორის შემდგარი ეს პოლიტიკური შეთანხმება მოგვიანებით საარჩევნო კანონშიც აისახა.
ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების ერთმა ჯგუფმა 30 მაისის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. იმ პარტიათა შორის, რომელთაც ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს არიან: - ~ლეიბორისტები~, ~ეროვნული ფორუმი~ და ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანება.