საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეფონით ესაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემირ-მინისტრს დევიდ ქემერონს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკრმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა დევიდ ქემერონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ყურადღება გაამახვილა 2008 წლის აგვისტოს ომზე და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ იგი იყო ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსთა შორის ვინც ომის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა.
"მიხეილ სააკაშვილმა პირველ რიგში მას მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და გაიხსენა ის მძიმე დღეები, როდესაც 2008 წლის მძიმე დღეებში დევიდ ქემერონი იყო ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში, საქართველოს მხარდასაჭერად", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება და რუსეთის მხრიდან ოკუპაციის შესახებ ისაუბრა.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, დევიდ ქემერონმა სატელეფონო საუბრისას გამოთქვა სურვილი უახლოეს პერიოდში ორმხრივი შეხვედრის გამართვის თაობაზე.