თბილისის მე-5 სამშობიარო სახლის დირექტორის პაატა ჟორჟოლიანის თანამდებობის გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თავად ჟორჟოლიანმა განუცხადა, ის თანამდებობაზე რჩება და გადადგომას არ აპირებს.
"ჩემთვის არც არავის უთქვამს, რომ სამშობიაროს დირექტორი აღარ ვარ", - განუმარტა პაატა ჟორჟოლიანმა "ჯი-ეიჩ-ენს".
საქმე ეხება 16 წლის პაციენტს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, კლინიკაში მისი 7 დღით დარჩენასთან დაკავშირებით განსხვავებული ვერსია აქვს თავად ჟორჟოლიანს.
"პაციენტი, რომლის ვინაობის გამხელის უფლებაც არ მაქვს, სამშობიაროში ერთი კვირის წინ მოვიდა. მას საკეისრო კვეთა ჩაუტარეს, თუმცა იქამდე ხელი მოაწერა საბუთს, რომლის თანახმადაც, მას უმაღლესი მომსახურების პაკეტით სარგებლობა სურდა, რაც საერთო ჯამში 1050 ლარს შეადგენს. როცა მშობიარობის შემდეგ ხარჯთაღრიცხვა წარვუდგინეთ, მისმა ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ თანხის გადახდის საშუალება არ აქვთ. მაშინ პაციენტის მეუღლეს ვთხოვეთ, ჯანდაცვის სამინისტროს დაჰკავშირებოდა, რომელიც შესაბამისი პროგრამების ფარგლებში იქნებ როგორმე დახმარებოდა, რაზედაც მან უარი განაცხადა. ვფიქრობ, ახალშობილის მამას რაღაც ინტერესი ამოძრავებს, თუმცა რა, ჩემთვის გაუგებარია. პაციენტი სამშობიაროდან უკვე გაწერილია, მისი მეუღლე აქ რამდენიმე წუთის წინ მოვიდა და სახლში წაიყვანს", - განმარტავს თბილისის მე-5 სამშობიარო სახლის დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, თანხის გადაუხდელობის გამო კლინიკის ხელმძღვანელობა 16 წლის ნათია ნ-ს სამშობიაროდან არ უშვებდა.