დღეიდან კონსტიტუციის ახალი რედაქციის საჯარო განხილვა იწყება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა, "კონსტიტუციის 42"-ე მუხლის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის დაწყებამდე განაცხადა.
"დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი კონსტიტუციის ახალი რედაქციის ფართო თემატიკას შეეხება. დღეს განვიხილავთ იმ ძირითად მიმართულებებს, რომელიც კომისიამ შეიმუშავა. კერძოდ კი, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, თუ როგორი უნდა იყოს საპრეზიდენტო მმართველობა, მისი დამოკიდებულება მთავრობასთან და როგორ უნდა მოხდეს პარლამენტის გაძლიერება. ასევე სუბარი შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით შეტანილ ცვლილებებსაც," - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.
მისივე თქმით, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ასევე საუბარია მოქალაქეების უფლებებზე, სპორტის ხელშეწყობაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის საჯარო განხილვა დღეიდან დაიწყება და აგვისტოში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას იღებენ პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.
საქარღველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია უახლოეს მომავალში ვენეციის კომისიას წარედგინება.