ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება იმ იდეალებს იცავს, რომელზედაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობაა დაფუძნებული. ამის შესახებ ნათქვამია ობამას მილოცვაში, რომელშიც მან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
ობამას მისალოცი ბარათის შინაარსის ნაწილი პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა. მისი ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი მისალოც ბარათში გარდა მილოცვისა ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს იმ იდეალებს, რომელზედაც საქართველოს სახელმწიფოებრიობაა დაფუძნებული, რომელიც 1918 წელს ძალადობრივი გზით შეცვალეს.
ობამას წერილში ნათქვამია, რომ საქართველო და აშშ ერთად უპირისპირდებიან დღევანდელ სამომავლო გამოწვევებს. მნიშვნელოვანია, რომ აშშ, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას და კიდევ ერთხელ ღიად აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
"ობამა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო და აშშ რჩებიან სტრატეგიულ პარტნიორებად და მოკავშირეებად და ეს კურსი არ შეიცვლება. აშშ-ისთვის მიუღებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობები", - აღნიშნა მანჯგალაძემ. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი თავის წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოს, როგორც წარმატებულ დემოკრატიულ ქვეყანას, აქვს უფლება, გამოხატოს თავისი ნება უსაფრთხოების მექანიზმებისა და მოკავშირეების არჩევისას.
დღესვე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს დამოუკიდებლობის დღისადმი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურებისგან გაგზავნილი მილოცვები გააცნო. მანჯგალაძის ინფორმაციით, სააკაშვილმა მილოცვები მიიღო ამერიკის კანცლერ ანგელა მერკელისგან, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისგან. ასევე შვეიცარიის, მექსიკის, პერუს, იაპონიის, საბერძნეთის, კორეისა და აზერბაიჯანის პირველი პირებისგან. საქართველოს პირველ პირს დამოუკიდებლობის დღე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც მიულოცა.