"თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ისეთი ტემპებით რომელიმე ქალაქი ლამაზდება, როგორც ბათუმი, მზად ვარ, ხელმეორედ შევჭამო საკუთარი ჰალსტუხი", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში სტუმრობისას განაცხადა, სადაც საჯარო სკოლების წარმატებულ კურსდამთავრებულებს შეხვდა.
"ეს ქალაქი იზრდებოდა, როგორც მოზარდი და ახლა მოწიფულობის ასაკამდეა მისული. 6-7 წლის წინ, ჩვენ არ გვქონდა ბათუმში არათუ ეს მოედნები და სასტუმროები, არ გვქონდა, ელემენტარულად, შუქიდან დაწყებული მინიმალური ადამიანური პირობები. ერთადერთი პერსპექტივა აქედან გაქცევა და სხვაგან ბედის ძიება იყო, თუმცა ყველაფერი ეს შეიცვალა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ჩვენს ქვეყანას", - განმარტა სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა ის პოლიტიკური ძალები გააკრიტიკა, რომლებიც ბათუმის განვითარებას პესიმიზმით უყურებენ და მათი განცხადებები "ყიყინს" შეადარა.
"ყოველთვის არის ხალხი, ვისაც არაფრის სჯერა და ვართ ჩვენ, რომლებსაც ყველაფრის გვჯერა. ამიტომ, ვისაც არაფრის სჯერა, შეუძლია თავის ტელევიზიებში ისხდნენ და იყიყინონ, მაგრამ ბათუმის ლამაზ ტბაზე ბაყაყები უფრო ლამაზად ყიყინებენ, ვიდრე ზოგიერთი მათგანი გამოდის ტელევიზიით. ვისაც გვჯერა გაგვატარეთ!" - ასე მიმართა მიმართა სააკაშვილმა ბათუმიდან პოლიტიკურ ოპონენტებს.
მისი განმარტებით, ასეთი ხალხის კრიტიკა პრობლემაა არაა - მთავარია შენების დროს ხელისუფლებას "ფეხებში არ გაებლანდოს".