ხვალ, 28 მაისს, 15:00 საათზე სასტუმრო "თბილისი მარიოტში" სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ დემეტრაშვილის, პარლამენტის წევრების _ გია არსენიშვილის, პავლე კუბლაშვილის, დიმიტრი ლორთქიფანიძის, სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის, საკონსტიტუციო კომისიის, თბილისის საქალაქო სასამართლოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით სპეციალური შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი მონაწილეებს გააცნობს, თუ როგორ იქნება კონსტიტუციის ახალი რედაქციით დარეგულირებული ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, როგორ მოხდება ხელისუფლების დანაწილება, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სასამართლო სტრუქტურის ფორმირება.
შეხვედრა იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია «კონსტიტუციის 42-ე მუხლის» ორგანიზებითა და ინიციატივით.