დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაციას საქართველოში გუნტერ კრუგი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე 30 მაისის წინასაარჩევნო სამზადისი და არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით ცესკოს მიერ გაწეული საქმიანობა განიხილებოდა.
"მივესალმებით 30 მაისის არჩევნების გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას, ჩვენ ვაკვირდებით წინასაარჩევნო პროცესებს, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით კი 21-კაციანი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაცია გამოვგაზავნეთ", - განაცხადა გიუნტერ კრუგმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს:
"სადამკვირვებლო მისიას გავაცანით, რა საქმიანობა გაწია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებისათვის. ცესკო მზადაა ჩაატაროს 2010 წლის 30 მაისის არჩევნები", - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის, თბილისის მერისა და პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე ევროსაბჭოს 21 დამკვირვებელი არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება.