საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის შეურაცხმყოფელი და უხამსი ვიდეორგოლების დამზადებისა და ინტერნეტით გავრცელების ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყო.
როგორც შსს-ის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებამ დაადგინა ორი პირი, რომლებმაც ვიდეორგოლების დამზადებასა და განთავსებაში მიიღეს მონაწილეობა.
~გამოძიება არ ასახელებს ამ პირების ვინაობას. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერთი მათგანი თბილისის საშუალო სკოლის მოსწავლეა, მეორე კი სტუდენტი. ამოღებულია ფაქტობრივი მტკიცებულებები-ვიდეოფაილები და კომპიუტერები. ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი გარემოებების დასადგენად დაიკითხა თეა თუთბერიძეც. ამ ეტაპზე გამოძიება სხვა დეტალებს არ ახმაურებს~, - ნათქვამია შსს-ის განცხადებში.