საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს კულტურისა და მეცნიერების მოღვაწეებიც დააჯილდოვა. ქვეყნის პირველმა პირმა შესაბამისი სფეროების წარმომადგენლები თავის რეზიდენციაში მიიღო და შოთა რუსთაველისა და ეროვნული პრემიები გადასცა.
რუსთაველის პრემია კულტურის სამმა მოღვაწემ მიიღო, ხოლო ეროვნული პრემია 20 მეცნიერს გადაეცა.
"კარგად ვიცი, რომ არც მეცნიერებს, არც კულტურის მოღვაწეებს დღეს არ ულხინთ, თუმცა ისინი ძალიან დიდი მატერიალური გაჭირვებისა და ზოგჯერ ნაკლები დაფასების მიუხედავად (თუმცა, ბოლო პერიოდში ეს გადავლახეთ), დღესაც ქმნიან ახალ ნამუშევრებს, ახალი სიხარული მოაქვთ საქართველოსთვის და ქართული საგანძურის შევსებით ავსებენ მსოფლიო საგანძურს, რადგან საქართველოს საგანძური მსოფლიო საგანძურის ნაწილია", - განაცხადა პრეზიდენტმა.
საზეიმო ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში ცოტა ხნის წინ დასრულდა.