"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ვაკის პარკში, ვეტერანებთან ერთად აღნიშნავს.
"ვულოცავთ ქართველ ერს დამოუკიდებლობის დღეს, თუმცა ვფიქრობთ, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და უმაღლეს მთავარსარდალს, რომელმაც ქვეყანა, საკუთარი უგუნური პოლიტიკის წყალობით უმძიმესი რეალობის წინაშე დააყენა, მორალური უფლება არ ჰქონდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო აღლუმი ჩაებარებინა. ამიტომაც, ჩვენ ამ დღის აღნიშვნა ვაკის პარკში, ვეტერანებთან ერთად ვარჩიეთ", - განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა ვახტანგ ყოლბაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე განმარტებით, "დემოკრატიული მოძრაობა" პატივს სცემს ქართულ არმიასა და ჩვენს ჯარისკაცებს.
"მათ არაერთხელ ღირსეულად და საკუთარი სიმამაცით დაამტკიცეს, რომ მზად არიან დაიცვან სამშობლო. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, აღლუმის მსვლელობისათვის ხელი არანაირი ფორმით არ შეგვეშალა", - განმარტა მან.