ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მოსკოვში, ოფიციალური ვიზიტის დროს, გაზეთ Известия-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ФСБ-ის დირექტორ ალექსანდრ ბორტნიკოვთან შეხვედრაზე საქართველოსთან ე.წ. საზღვრის გამაგრებაზე ისაუბრეს. მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი 2017 წლის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდება.
„პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციით, რომელიც „პრეზიდენტს" ექვემდებარება, რეფერენდუმის ჩატარება 2017 წლის „საპრეზიდენტო არჩევნების" შემდგომ პერიოდამდე გადაიდო", - აღნიშნა ლეონიდ თიბილოვმა.
ე.წ. პრეზიდენტის თქმით, რუსეთში მისი ვიზიტი რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა.
„მე შევხვდი ФСБ -ის დირექტორს ალექსანდრ ბორტნიკოვს. უმეტესწილად, ჩვენი საუბარი შეეხო რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთს" შორის შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოეწერა გასული წლის მარტში და რომელიც რესპუბლიკის უსაფრთხოებასა და საზღვრის დაცვას ეხება. დღესდღეობით, რუსეთის ფედერაციისა და "სამხრეთ ოსეთის" შესაბამისი უწყებების თანამშრომლობა საკმაოდ მაღალ დონეზეა. ჩვენი ქვეყნების უწყებები ერთობლივად იცავენ „საზღვარს" საქართველოსთან და ამგვარი თანამშრომლობა ჩვენ სრულიად გვაკმაყოფილებს. „საზღვარი" ამ დროისთვის მთლიანად დაკეტილია. უახლოს მომავალში დაიწყება მისი გამაგრება ტექნიკური აღჭურვილობის თვალსაზრისით", - თქვა თიბილოვმა.
ე.წ. პრეზიდენტის თქმითვე, საქართველოსთან ურთიერთობის დალაგების საკითხი არ განიხილება, რადგან თავად საქართველო ამისთვის არაფერს არ აკეთებს.