შერიგებისა და სამოქალაქო თნასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულისთვის შინაპატიმრობაზე მიღბულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიუხედავად მიმდინარე მოლაპარაკებებისა, ეს პირველ რიგში აფხაზური საზოგადოების დამსახურებაა.
„ეს გადაწყვეტილება იოლი მისაღები არ იყო და ვინც არ უნდა დაიბრალოს, პირველ რიგში აფხაზური საზოგადოების გადაწყვეტილებაა. დადასტურებულია ეჭვმიტანილის ვინაობა, რაც ყველამ ვიცოდით, მაგრამ ვინაიდან აფხაზური მხრიდან არ იყო დადასტურება, ამიტომ ყოველთვის არსებობოდა საფუძველი, რომ შესაძლოა სხვა მიმართულებით წასულიყო გამოძიება, მაგრამ დადასტურდა გვარი, რაშიდ ქანჯი-ოღლი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საკმაოდ რთული ვითარებაა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებასაც”, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, იგი 25 წელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებშია ჩართული, დაასეთი ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელის მიმართ აღძრულიყო საქმე არ ახსოვს.
ცნობისათვის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი-ოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „სპუტნიკ აბხაზიას“ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურორმა, ადგურ აგრბამ განუცხადა.
მისი თქმით, „სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამხედრო პროკურატურის შუამდგომლობა კანჯი-ოღლუს დაპატიმრების შესახებ“.
როგორც დღეს დილით გახდა ცნობილი, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურატურამ დე-ფაქტო სამხედრო სასამართლოს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის, რაშიდ კანჯი-ოღლის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა.
არსებული ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან დაითხოვეს.