17 ივნისს, იტალიაში დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტი გაიხსნა.
როგორც სეპარატისტების საგარეო უწყება აცხადებს, რომში, ინსტიტუტის გახსნას ესწრებოდნენ აფხაზეთის ად ჰოკ ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა, მისი მოადგილე კან ტანია, უწყების ოფიციალური წარმომადგენელი საფრანგეთში ჯემილე დიუნდარი და ინფორმაციის განყოფილების უფროსი თენგის თარბა.
”აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტის მთავარი მიზანია უცხოეთში აფხაზი ხალხის კულტურის, ხელოვნების, ისტორიის და ტრადიციის პოპულარიზაცია”, - იტყობინება სეპარატისტების საგარეო უწყება.
მათივე ინფორმაციით, ინსტიტუტის გახსნის ცერემონილის დასრულების შემდეგ გაიმართა ვიაჩესლავ ჩირიკბას პრესკონფერენცია და ასოციაცია ”ევროპა -აფხაზეთის” ოფისის ინაუგურაცია.
”ასოციაცია ”ევროპა-აფხაზეთი” დაფუძნდა 2015 წლის 16 სექტემბერს და წარმოადგენს პირველ ორგანიზაციას, რომელიც ევროპაში აფხაზური პასპორტის გამოყენებით დარეგისტრირდა”, - ნათქვამია სეპარატისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იგივე უწყება აცხადებს, რომ მოვლენად იქცა ყოველკვარტალური გაზეთის ”აფხაზეთი დღეს” პრეზენტაცია, რომელიც ოთხ - აფხაზურ, რუსულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა.
ღონისძიებებში მონაწილეობდნენ იტალიაში აკრედიტირებული რუსეთისა და ვენესუელის დოპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ”იტალიის სამეცნიერო და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლები”.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ოფიციალურ უწყებებს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებით.