ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ აბულ გეითიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მეზობლებთან პრობლემებს მალე მოაგვარებს.
ამის შესახებ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ქართველო კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"საქართველოში ვიზიტი ჩემთვის დიდი პატივია. დღევანდელ შეხვედრაზე ვაშაძეს ეგვიპტესა და საქართველოს შორის ორმხრივ თანამშრომლობის შესახებ ვისაუბრეთ. ასევე მინისტრს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე, მათ შორის ისრაელში, პალესტინაში, სირიასა, საუდის არაბეთსა და აფრიკაში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრეთ. თავის მხრივ ჩემმა კოლეგამ თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და მათ შორის რუსეთთან არსებულ ურთიერთობები გამაცნო. მე იმედი მაქვს, რომ მეზობელ სახელმწიფოებს შორის არსებული პრობლემები უახლოეს მომავალში მოგვარდება", - განაცხადა აჰმედ აბულ გეითიმ.
მისვე თქმით, პრობლემების მოგვარების დროს აუცილებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფაქტორის გათვალისწინება, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებითაა აღიარებული.