,,ნატომ და ევროკავშირმა საქართველო მიატოვა“ - ამ სათაურით აქვეყნებს The Washington Post-ი სტატიას საქართველოზე. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ვარშავაში, ნატოს სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი არ განიხილება.
ავტორი, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ნატოს გაფართოების შესახებ საუბარი დეკემბერში გაიმართება, თუმცა საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის.
,,ჩვენ შევთანხმდით, რომ გაფართოების შესახებ ყველა გადაწყვეტილებას მივიღებთ დეკემბერში იმისთვის, რომ ვარშავის სამიტამდე დებატები თავიდან ავიცილოთ “, - აცხადებს ნატო-ს მაღალჩინოსანი და იქვე დასძენს, რომ არ არის დარწმუნებული, რომ დეკემბერში საქართველოს MAP-ს -ს მისცემენ.
Washington Post-ი წერს, რომ საქართველოს მხარდაჭერი ქვეყნებისთვის ნატო-დან, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაქტი, რომ მონტენეგროში, რომელიც ცოტა ხნის წინ ალიანსში მიიწვიეს, კორუფციის ძალიან მაღალი დონეა, ის საქართველოსთან შედარებით ნატო-ს მისიებში მინიმალურ მონაწილეობას იღებდა და სტრუქტურული რეფორმების გატარების კუთხით თბილისს ჩამორჩება.
Washington Post-ის თანახმად, ყველაზე მეტად საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ეწინააღმდეგებიან გერმანია და საფრანგეთი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას მოახდენს. გამოცემასთან საუბარში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამ პოზიციის გამო იმედგაცურებას გამოთქვამს.
„რუსეთზე მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობენ, მეტისმეტად აწუხებთ რას ამბობს და რას ფიქრობს რუსეთი და ძალიან ცოტას ფიქრობენ, რა სურს ნატო-ს“, - აცხადებს ხიდაშელი.
Washington Post-ი წერს, რომ 2008 წლის მარტში, ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მიცემას ვეტო სწორედ გერმანიამ და საფრანგეთმა დაადეს, 5 თვის შემდეგ კი რუსეთი საქართველოში შეიჭრა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გერმანია, საფრანგეთი და იტალია ასევე ბლოკავენ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას, მიუხედავად ევროკომისიის დასტურისა, რომ თბილისმა უვიზო რეჟიმისთვის საჭირო ყველა პირობა შეასრულა.
გერმანია აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ გააკეთა საკმარისი ევროპაში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების და მაფიის წარმომადგენლების ჩასვლის აღკვეთისთვის, თუმცა, ბერლინის მტკიცება, რომ გერმანიაში ბინის ძარცვებს ყველაზე ხშირად ქართველები ახორციელებენ, თავად გერმანიის ძალოვანმა უწყებებმა უარყვეს.
Washington Post-ი წერს, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების წინააღმდეგია პოლონელი დეპუტატი იაცეკ სარიუშ-ვოლსკიც, რომელიც „ქართულ ოცნებას“ „ფუნდამენტალური უფლებების ფეხქვეშ გათელვაში“ ადანაშაულებს. ვოლსკი აცხადებს, რომ „ოცნება“ ქართულ მედიაზე უზარმაზარ ზეწოლას ახდენს და ამის მაგალითად „რუსთავი-2“-ის საქმე მოჰყავს.
„ნამდვილად, ბევრი ანალიტიკოსი ადასტურებს, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მინისტრებისთვის ვენდეტა აქვს გამოცხადებული“, - წერს გამოცემა.
გამოცემა აღნიშნავს, „საქართველოში პრორუსული ძალები, პოლიტიკური პარტიები, ოლიგარქები და რუსული მედია ეუბნებიან ქართველებს, რომ დასავლეთმა მათ უაღალატა. ამის გზავნილი კი ერთია: უკეთესია, მიმართულება შევცვალოთ“.