ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის გახსნის შემდგე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა პოლონელ და ქართველ ხალხებზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ ორ ერს ერთმანეთთან თავისუფლებისაკენ სწრაფვა აკავშირებთ.
სააკაშვილმა ახალგორში 2008 წელს მომხდარი ინციდენტი გაიხსენა სადაც, იგი პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა.
"იმ ადგილას, სადაც მან თვისი ინიციატივით წამიყვანა, მთვრალი აგრესორი ჯარიკაცები ისროდნენ ყველა მიმართულებით. ბნელოდა და ძნელი იყო იმის დანახვა თუ სად ისროდნენ, ან რა იყო მათი მოტივაცია. მე მახსოვს წელში გამართული, გაღიმებული, პრეზიდენტი კაჩინსკი ამ ტყვიების ზუზუნში. მაშინ ზოგიერთმა, ისიც თქვა, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში რა აღიმებდა ამ ადამიანსო. მას იმიტომ კი არ ეღიმებოდა, რომ რაღაც უხაროდა, არამედ იმიტომ, რომ უნდოდა ყველას დაენახა - პოლონეთის, ამ გაუტეხელი ერის ლიდერს არ ეშინია და ის არანაირი ძალის წინაშე თავს არ დახრის", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ქართველ და პოლონელ ხალხებს სწორედ კაჩინსკის ეს საქციელი აერთიანებთ - სიმამაცე და თავისუფლებისთვის ბრძოლა:
"ეს არის ჩვენი და პოოლონეთის მთავარი მიზიდულობა ერთმანეთისკენ. ეს არის ის, რის გამოც პოლონელებს ასე კარგად ესმით ქართველების და ქართველებს ასე ძალიან უყვართ პოლონელები. ქართველები და პოლონელები არიან ხალხები, რომლებიც არ გატყდნენ, არ ეშინიათ, იბრძვიან და იბრძოლებენ ბოლომდე იმიტომ, რომ მათთვის ყველაზე დიდი ფასეულობა თავისუფლებაა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.