დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ხელისუფლებას 2008 წლის საპარალმენტო არჩევნების პრობაციონერების მეშვეობით გაყალბებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება ცაგარეიშვილმა პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ცაგარეიშვილის განცხადებით, არსებობს დოკუმენტური მასალა იმის დასამტკიცებლად, რომ ნაციონალური მოძრაობა იყენებდა პრობაციონერებს ხმების მოსაპოვებლად და ამაში ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო ცენტრი".
მისი განმარტებით, აღნიშნული ორგანიზაცია ცესკოს მაშინდელმა თავმჯდომარეომ ლევან თარხნიშვილმა სოდის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას მითითებით არჩევნების სადამკვირვებლო არასამთავრობო ოგანიზაციად დაარეგისტრირა. აღნიშნული ორგანიზაცია იმ დროს განთავსებული იყო ვაკეში, აბაშიძის #47-ში, სადაც ამავდროულად მდებარეობდა "ნაცონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბი.
ცაგარეიშვილის თქმით, ამ შენობაში მიმდინარეობდა პრობაციონერების ოჯახების წევრებისა და ნათესავების დაბარება, მათი დატერორება და იძულება, რომ მიეცათ ხმა "ნაიცონალური მოძრაობისთვის" და მოეგროვებინათ ასევე ხმები ხელისუფლების სასარგებლოდ.
"ამ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული ერეკლე კოდუა, ასევე ყოფილი და მოქმედი დეპუტატები: ზაზა გამცემლიძე, კოტე და გოკა გაბაშვილები, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების მაშინდელი ხელმძღვანელი პირები, ვინმე თელია და ჭაია. ასევემერიის მაღალჩინოსანი გიორგი ქარქაშვილი, იქ ხშირად მიდიოდა გიგი უგულავაც", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
განცხადებას ცაგარეიშვილი აკეთებს ამ ორგანიზაციის ყოფილ წევრ ნატო ხოხიაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით. ბრიფინგს თავად ხოხიაშვილიც ესწრებოდა და აღნიშნა, რომ იგი და რამდენიმე სხვა პირი, რომლებიც ასევე აპირებენ განცხადების გაკეთებას, ესწრებოდნენ აღნიშნულ თათბირებს და პირადად არიან შემსწრენი აღნიშნული ტერორისა. დოკუმენტაცია ცაგარეიშვილს სწორედ ხოხიაშვილმა გადასცა.
ხოხიაშვილის თქმით, ეს დოკუმენტაცია მას შემთხვევით ჩაუვარდა ხელში. როდესაც ინახავდა არასამთავორბო ორგანიზაციის საბუთებს და შემთხვევით ამ საბუთებთან ერთად შეინახა პრობაციონისტთა სიებიც. ამ სიაში წარმოდგენილია დაახლოებით 1300-მდე პრობაციონერი. პრობაციონერი მამაკაცები არიან ვაკე-საბურთალოს მცხოვრებნი. ამ სიაში წარმოდგენილნია 70-მდე ქალი და ამავე რაოდენობის არასრულწოვანი.
დოკუმენტებში ასახულია თითოეული პრობაციონერის პირადი ნომერი, მათი საქმის ნომერი, სასამართლოს გადაყწვეტილების გამოტანის თარიღი და სასამართლოს მისამართი და ასევე სხვა დეტალური მონაცემები.
ცაგარეიშვილის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია არის საიდუმლო და მასზე ხელი თავად დეპუტატსაც კი არ მიუწვდება. ხოხიაშვილის თქმით, იგი არის უშუალო მოწმე არჩევნების გაყალბებისა და მზად არის აღნიშნული ინფორმაცია სამართალდამცავთა წინაშეც დაადასტუროს.
აღნიშნულ დოკუმენტაციას ცაგარეიშვილი მთავარ პროკურატურას გადაუგზავნის და იმედოვნებს, რომ ფაქტზე საქმე აღიძრება. ამასთან იგი აღნიშნავს, რომ ეს მასალა რამდენიმე დღის წინ "ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალსანიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მათ შორის ეუთოს სადამკვირვებლო მისიას გადასცა.