ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაცია, ნატოს წევრობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული პრიორიტეტია, - ნათქვამია ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
„ვინაიდან ჩვენი კეთილდღეობა მხოლოდ დემოკრატიას და თავისუფალ გარემოს უკავშირდება, ცხადია ისიც, რომ ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაცია, ნატოს წევრობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ჩვენთვის კითხვები არ არსებობს.
ჩვენი სახელმწიფოს საგარეო კურსი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალ არჩევანს, რომელიც ემყარება ისტორიულ და ფასეულობრივ კავშირს დასავლურ სამყაროსთან და ეს არაერთხელ იქნა დადასტურებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით და, მათ შორის, პლებისციტითაც.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სწორედ ამ არჩევნის განხორცილებისთვის - ატარებს რეფორმებს, რათა კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპას და საქართველო რეალურად გახდეს ევროპული ეკონომიკის და ევროპული მოწყობის ქვეყანა.
დღეს საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანაა დემოკრატიის განვითარებისა და ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. საქართველოს ბიზნესგარემო საუკეთესოა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის მოთხოვნებსაც ყველაზე უკეთ ჩვენ ვაკმაყოფილებთ.
საგარეო ორიენტირებზე საუბრისას საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი გარანტი და მხარდამჭერი. ძნელბედობის ჟამს სწორედ ამერიკამ გაუწია ჩვენს ქვეყანას ყველაზე დიდი ფინანსური, სამხედრო-პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა“, - ნათქვმია წერილში.