საბურთალოს რაიონში "ალიანსი საქართველოსთვის" მაჟორიტარობის კანდიდატი თინა ხიდაშელი კოლეგა ოპოზიციონერის - პარტია "თავისუფლების" წევრის, სანდრო ბრეგაძის ბრალდებას პასუხობს.
"ჩემთვის ბრეგაძის მსგავსი პოლიტიკოსების პრეტენზიები არავითარ ინტერესს არ იწვევს და არანაირ უხერხულობას არ ქმნის, რომ ასლან აბაშიძის თანაგუნდელები რაიმე სახის ბრალდებას მიყენებენ. გასაკვირი ის იქნებოდა, მას სხვა პოზიცია ჰქონოდა ჩვენთან მიმართებაში", - განაცხადა ხიდაშელმა დღეს, "პრაიმ-თაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
რაც შეეხება უშუალოდ ბრეგაძის იმ განცხადებას, რომ ოპოზიციამ თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე შეჯერება სწორედ ხიდაშელის მიზეზით ვერ შეძლო, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, "ალიანსმა" და პირადად მან "არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და არაერთხელ გადადგა პირველი ნაბიჯი ამ ერთიანობისაკენ".