ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება მზადაა ითანამშრომლოს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტ თომას ჰამერბერგთან, რომელიც თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ სოხუმს ეწვია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჰამარბერგი დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა.
”ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ, რადგან იმედი გვაქვს თქვენი ნეიტრალურობის, რომლის დემონსტრირებასაც ყოველთვის ახდენთ თქვენს საქმიანობაში.
როგორც ნებისმიერ სახელმწიფოში, ჩვენთანაც არის პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ჩვენ მათ არ ვმალავთ და ვმუშაობთ ამ პრობლემების გადასაწყვეტად. ჩვენ წინააღმდეგი ვართ. პოლიტიზირებული იარლიყების, საჭიროა იმ ობიექტური სირთულეების გათვალისწინება, რომელსაც ახალგაზრდა აფხაზური სახელმწიფო ეჯახება, მათ შორის, საქართველოსთან დაურეგულირებელი ურთიერთობების ჩათვლით. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი კვლევის შედეგები არ იქნება გამოყენებული აფხაზეთზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად და სხვადასხვა სახის სპეკულაციებისთვის. ვიმედოვნებ, თქვენი საქმიანობა ხელს შეუწყობს არამარტო ჩვენთან არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას, არამედ ჩვენი სახელმწიფოს სწორად აღქმას საერთაშორისო დონეზე”, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
თომას ჰამერბერგი, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის დავალებით, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში შეაფასებს.