საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები, თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი.
ხაზი გაესვა საქართველოსთვის გათვალისწინებულ შვედეთის ახალ სტრატეგიას 2010-2013 წლებისთვის, მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაგეგმილ შვედურ-ქართული ბიზნეს-ფორუმის მნიშვნელობას.
მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის მიმდინარეობაზე და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე.
მინისტრებმა ორ მეგობარ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მომავალი განმტკიცებისა და გაფართოების სურვილი გამოთქვეს და შეთანხმდნენ პერმანენტულად განახორციელონ პოლიტიკური კონსულტაციები. დასასრულს, მინისტრებმა მას-მედიის წარმომადგენელთათვის ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში 24 მაისამდე გასტანს და იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან; პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან; უშიშროების საბჭოს მდივანთან ეკა ტყეშელაშვილთან; საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსთან გელა ბეჟუაშვილთან.