საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს უმრავლესობასთან შეხვედრაზე პოლიტიკურ ძალებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში არ საუბრობს იმ ადამიანებზე, ვინც "ღიად არის დაკავშირებული საქართველოს მტერთან".
"მინდა მოვუწოდო სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას მეტი პასუხისმგებლობისკენ. მე არ ვსაუბრობ იმ ხალხზე, ვინც ღიად არის დაკავშირებული საქართველოს მტერთან, საქართველოს ტერიტოტიის ოკუპანტთან. მათთვის პასუხისმგებლობისკენ მოწოდება მგლის თავზე სახარების კითხვას ნიშნავს და ეს ჩვენი ფუნქცია არ არის. მათ ვერდიქტს საზოგადოება გამოუტანს", _ განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ იგი საუბრობს იმ პოლიტიკურ ძალებზე, "ვისაც აქვს პრეტენზია, რომ არიან საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესის მონაწილეები, მოქმედებენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და თამაშობენ წესების დაცვით".