"ქართული აკადემია" მოსახლეობას 30 მაისის არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს.
აკადემიის წევრების განმარტებით, 30 მაისს გადაწყდება, შეიძლება თუ არა ხელისუფლებასთან არჩევნების ენით ლაპარაკი და არჩევნებით გზით ცვლილებების მიღწევა.
"ორშაბათს, 24 მაისს, 16:00 საათზე, ჭადრაკის სასახლეში "ქართული აკადემიის" და მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციათა ინიციატივით გაიმართება შეხვედრა ფართო საზოგადოებასთან არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. ამავე დროს, განვიხილავთ კანდიდატების შანსებს და მოგახსენებთ გამარჯვების ფორმულასთან დაკავშირებით. ასეთი ფორმულა პარტიებმა ვერ იპოვეს, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მარტივია და ამას სწორედ ჭადრაკის სასახლეში წარმოვადგენთ", _ განაცხადა "ქართული აკადემიის" წევრმა ნუკრი ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, "ქართული აკადემიის" წევრების განცხადებით, ისინი პატიმრების მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან, რომელიც პარლამენტის შენობის წინ, დღეს 17:00 საათზე გაიმართება.