20 აპრილს, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - რიგით 65-ე - შეხვედრა გაიმართება.
მონაწილეები განიხილავენ 64-ე შეხვედრის შემდგომ პერიოდში მომხდარ ინციდენტებს, უკანონო დაკავებების, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საფლავების მონახულების საკითხებს.
გარდა ამისა, დღის წესრიგით გათვალისწინებულია ბანერების დაყენებისა და გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების განხილვა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენენ.