საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისაგან საბრძოლო რაკეტები შეისყიდა, რაც შემდეგ ირანს მიჰყიდა. აღნიშნულ სკანდალურ განცხადებას გაზეთ "რეზონანსთან" საუბარში "ეროვნული საბჭოს" ლიდერი ზვიად ძიძიგური აკეთებს.
უშიშროების სამსახურის თანამშრომელზე დაყრდნობით ძიძიგური ამტკიცებს, რომ აღნიშნული თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელის დავით კეზერაშვილის მინისტრობის დროს მოხდა.
"უშიშროებიდან მომაწოდეს ინფორმაცია, რომ დაახლოებით 2-3 წლის წინ, უკრაინიდან მოხდა რაკეტების შესყიდვა და შემდეგ ირანზე გაყიდვა. ეს გაიგო აშშ-ის შესაბამისმა სამსახურებმა და დღეს საქართველოს თავდაცვის ძალიან სერიოზული რევიზია მიმდინარეობს. სწორედ ამის გამოა გაქცეული დავით კეზერაშვილი და ამასვე უკავშირდება აშშ-ის ფედერალური ბიუროს უფროსის თბილისში ვიზიტი", - აცხადებს ძიძიგური.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი რობერტ მიულერი საქართველოში ორი კვირის წინ, გასაიდუმლოებული ვიზიტით იმყოფება. საზოგადოებისა და მედიისთვის ცნობილი მხოლოდ ის გახდა, რომ მიულერი შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს, ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს შეხვდა.